ვეფხისტყაოსნის გმირები
ტარიელი
ტარიელი შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის ერთ ერთ მთავარი პერსონაჟია. ის იყო ისეთი, როგორიც მეფ...
ტარიელი
ტარიელი შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის ერთ ერთ მთავარი პერსონაჟია. ის იყო ისეთი, როგორიც მეფეთა შვილებს ეკადრებოდათ: სახე მზეს უგავდა ტანი- საროს, წამწამთა ფერი- გიშერს, ტუჩები- ლალს , მკლავი კი ლომივით ძლიერი ჰქონდა. როგორც ფიზიკურად ისე სულიერადაც ტარიელი ლამაზი და ძლიერი იყო. მისი თვისებების ჩამოთვლა ძალიან მარტივია, ის არის მამაცი, ერთგული, უშიშარი, და ამავდროულად სენტიმენტალური, ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც არ სრცხვენია თავისი გრძნობების გამოსახატავად ტირილი და დაბნედა. ის არის გაიდეალებული მეგობარი და მიჯნური. მისი რიდი აღმზრდელისადმი, ტრფობა მიჯნურისადმი, რისხვა მტრისადმი, სიყვარული მეგობრისადმი , მისი სიტყვისა და ფიცის გაუტეხლობა ტარიელის პიროვნებაზე დიდად მეტყველებს. ხშირად ადამიანს მეგობრების მიხედვით სჯიან, ეს მეთოდი ზოგჯერ ამართლებს და ზოგჯერ არა, მაგრამ ტარიელის შემთხვევაში ეს ხერხი, ადამიანის შეფასებისა და დახასიათებისათვის ნადმვილად არ იქნება ურიგო, რადგანაც ტარიელს მართლაც მისი შესაფერი მეგობრები ჰყავს: ფრიდონი და ავთანდილი. ეს სამი პიროვნება ძალიან ჰგავს ერთმანეთს, სამივენი ტანადები, კეთილები, გულუხვები და მამაცები არიან, მაგრამ ქაჯეთის ციხის აღების დროს: „თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწვდომია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია.“ – რუსთაველი მაინც გამოარჩევს მას, როგორც ყველაზე მამაც და ჭკვიან პიროვნებას მთელს ნაწარმოებში. ის სხვებზე მეტადაა გაიდეალებული . მისი მეგობრებც მასზე ნაკლებად ემოციურები არიან. ტარიელი ადამიანის დადებით თვისებათა კარაბადინია. მასში თავმოყრილია ყველაფერი კარგი და თითქმის არაფერი ცუდი. ის არის იდეალური მეგობარი, შვილი, მიჯნური და მეომარი. ხანდახან მგრძნობიარე, მაგრამ ყოველთვის კეთილი და თავდადებული საყვარელი ადამიანებისთვის.
ავთანდილი
ავთანდილი „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე გამოკვეთილი პერსონაჟია. მას მკვეთრად გამოხატული ზნეობრივი პოზიცი...
ავთანდილი
ავთანდილი „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე გამოკვეთილი პერსონაჟია. მას მკვეთრად გამოხატული ზნეობრივი პოზიცია გააჩნია. იგი იდეალური, სრულყოფილი გმირია. უზადო გარეგნობასთან ერთად ურყვნელი ზნეობა, შეუდრეკელი გული და უმაღლესი გონიერება ამკობს ავთანდილს. რუსთაველს ეს პერსონაჟი განსაკუთრებით შტამბეჭდავად ყავს წარმოჩენილი, ამიტომაც ფიქრობენ, რომ ამ გმირის სახით პოეტი საკუთარ „მეს“ გამოხატავს. ავთანდილს მორალური პორტრეტი საუკეთესოდ იძერწება პოემის იმ ნაწილში, რომელსაც თინათინის დავალებით ტარიელის საძებნელად წასული, უსტარს უტოვებს მსახურებს. მისი თხოვნა სამეფოს კეთილდღეობას შეეხება. პირადი ინტერესი საერთოდ უგულებელყოფილია, ყველაფერზე წინ ქვეყნისთვის ზრუნვა იწევს. ეს თვალსაზრისი უფრო მეტად გამყარებულია როსტევან მეფისადმი მიწერილ ანდერძში. აქ ავთანდილის ისეთი თვისებები ჩანს, რომლებიც მხოლოდ მაღალზნეობრივ, სრულყოფილ პიროვნებას ახასიათებს. ანდერძი მოყვასისადმი სიყვარულის, ერთგულების, მისდამი თავგანწირვის მაღალი იდეალების ნამდვილი წარმოდგენაა. ამ ღირსეებათა დემონსტრირებისას იკვეთება გმირის ნამდვილი სახე, მისი სულიერი სამყარო. ავთანდილის სიბრძნეზე მეტყველებს ანდერძის ყოველი ფრაზა. მისი განსწავლულობის დამადასტურებელია ფილოსოფოსთა ნააზრევის მოხმობა. ქრისტეს მოწაფეთა სწავლების დამოწმება. მისი აზრით, იმიტომ ვიძენტ სიბრძნეს, რომ ჩვენი მორალური ქცევით სამყაროს უზენაეს წესრიგს შევერწყათ; სიცრუე და ორპირობა, მეგობრის ღალარი მორალური ნაკლოვანების სათავეა – ასეთია ავთანდილის ზნეობრივი პოზიცია. შეუვალი ზნეობრივი პოზიციიდან მსჯელობს ავთანდილი ფატმანის სამიჯნურო ბარათის წაკითხვისას. მის აღშფოთებას, პირველ რეაქციას რომ მოჰყვა, რეალისტური მსჯელობა მოსდევს. მოაზროვნე და გონებაფხიზელი გმირი კარგად აწონ-დაწონის ვითარებას. იგი ხედავს, რომ ფატმანს იქით გზა არა აქვს. ეს ერთადერთი ხელშესახები რამაა, რაც ნესტანის კვალს აპოვნინებს. ამ შემთხვევაში, მიზნისკენ სავალ გზაზე, მას ჩამუხლება, ერთგვარ ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა უხდება. სასწორზე მეგობრის სიცოცხლეა და მას ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწევს, თუმცა კარგად ესმის, თუ რა ამოძრავებს „სიძვის დიაცს“ და რომ უმსგავსო საქმეს მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს. ამ ეპიზოდში კარგად ჩანს ავთანდილის გრძნობათა ცვლილება. მეგობრისადმი ვალის გადახდის მიზნით, საკუთარი ზნეობრივი კრედოსათვის სრულიად შეუსაბამო ნაბიჯის გადადგმა, ავთანდილის რეალისტური ბუნების გამოხატულებაა. მაგრამ ეს ჩრდილს სულაც არ აყენებს მის მაღალზნეობრივ სახეს, პირიქით, უფრო ხელშესახებს ხდის. სრულიად სხვა ავთანდილი წარმოდგება ჩვენს წინაშე ჯაშნაგირის მკვლელობის ეპიზოდში. მრისხანე და შეუბრალებელი სასტიკად უსწორდება ფატმანის საყვარელს და მის მცველებს. თითქოს მთელი უარყოფითი ენერგია, ამდენი ფათერაკების შედეგად დაგროვილი, ერთად გადმოინთხა და ავთანდილისთვის შეუფერებელ სისასტიკედ გარდაიქმნა. ამასვე ადასტურებს ეს ქმედებაც მთავარი მიზნისკენ სვლის მოტივაციად შეიძლება მივიჩნიოთ, მკვლელობის შემდგომ მოისმინა, გვაეჭვებს. იყო თუ არა ეს საქციელი ზნეობრივი გმირისათვის შესაფერისი? მართალია, შემდგომი ვითარება მის ამ ქმედებას ამართლებს: ვერდიქტი სამართლიანი აღმოჩნდება, თუმცა ეს წინმსწრები სისასტიკე, ავთანდილისაგან გამოვლენილი, ვფიქრობთ, ის ცალკეული შემთხვევაა, როდესაც რუსთაველის გმირები იდეალურიდან ყოფით სინამდვილეში გადმოინაცვლებენ. მათი ხიბლიც სწორედ ამაშია. „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთათვის ადამიანური გრძნობები და სისუსტეები უცხო არაა და სწორედ ამაშია რუსთაველის, როგორც შემოქმედის სიდიადე. ამგვარად, ავთანდილის სახე პოემაში გამორჩეულად შტამბეჭდავია. მაღალ ზნეობრივ ფასეულობებთან ერთად, მისთვის არც ადამიანური სისუსტეებია უცხო. ჩვენი სიმპათია ამ პერსონაჟის მიმართ მისი უაღრესად ბრძნული, დინჯი, გაწონასწორებული ქმედებებითაა გამოწვეული.
ფრიდონი
„ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე ახალგაზრდა მეფეა ფრიდონი – მულღაზანზარის მბრძანებელი. გარეგნულად მშვენიერი...
ფრიდონი
„ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე ახალგაზრდა მეფეა ფრიდონი – მულღაზანზარის მბრძანებელი. გარეგნულად მშვენიერი, ახოვანი, ლომივით ვაჟკაცი. მას განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს ის, რომ ტარიელისა და ავთანდილის ძმადნაფიცია, მესამე გმირია, ვინც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაში, ქაჯეთის ციხის დამხობასა და მზე-ნესტანის გამოხსნაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ფრიდონს თავისი ქვეშევრდომები ასე ახასიათებენ: „მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნავ მშვენისა.“ მართალია, ფრიდონის სამფლობელო პატარაა, მაგრამ „ყოველგნით სიკეთე-მიუწვდომელი.“ მისი ქალაქი-სახელმწიფო მდიდარი და აყვავებულია: „ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი.“ ესეც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის კარგი მმართველია, ხალხს უყვარს, ქვეშევრდომები მისი ერთგულნი არიან. ფრიდონი სახელგანთქმული მებრძოლია. მან ტარიელის მოწონებაც დაიმსახურა: „მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხლენია; იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.“ ფრიდონი საუკეთესო მასპინძელია, გულუხვი, ყურადღებიანი. ის ყველანაირად ცდილობს, ასიამოვნოს სტუმრებს, საუკეთესო სასმელ-საჭმელი და ძვირფასი საჩუქრები მიართვას. აი, როგორ მასპინძლობს ფრიდონი ავთანდილს: „მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკანის ბევრ-ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.“ ფრიდონი ერთგული მეგობარია. მისი და მულღაზანზარელი მეომრების თავდადებამ ბევრად განაპირობა გმირთა გამარჯვება გადამწყვეტ ბრძოლაში. ამასთან ერთად, ფრიდონი თავდადებულია ძმადნაფიცისთვის. ამის მაჩვენებელია მისი რჩევა ქაჯეთის ციხის აღებისას, ის ხიფათს არ ერიდება, აპირებს თოკზე გაიაროს, ჩახტეს ციხეში და შიგნიდან გააღოს კარები. ეს მის უშიშარ, შეუპოვარ ხასიათსაც გვიჩვენებს. ფრიდონი ბოლომდე ერთგულად უდგას გვერდში ძმადნაფიცებს და მუდამ მზადაა, თავის რჩეულ მოყმეებთან ერთად თავი დადოს მეგობრების დასახმარებლად. ასე რომ, ფრიდონის სახით რუსთაველმა ერთგული მეგობრის იდეალური სახე დახატა. ის მკითხველის სიმპათიას იმსახურებს როგორც უძლიერესი ვაჟკაცი და თავდადებული მოყვარე.“
თინათინი
თინათინი იმთავითვე იპყრობს ჩვენს ყურადღებას გაწონასწორებული, დინჯი, მშვიდი ბუნებით. ის მამის დარიგე...
თინათინი
თინათინი იმთავითვე იპყრობს ჩვენს ყურადღებას გაწონასწორებული, დინჯი, მშვიდი ბუნებით. ის მამის დარიგებას ბრძნულად ისმენდა: „ქალი ბრძნად უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.“ ის თავმდაბალიცაა: „მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა.“ დარწმუნებულნი ვართ, რომ არაბეთის მეფის ასული ღირსეულად გააგრძელებს სახელოვანი მამის გზას, იქნება სწორედ ისეთი ხელმწიფე, როგორადაც ის როსტევანმა გაწვრთნა: „ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი.“ მან ხომ მაშინვე ზედმიწევნით გაითვალისწინა მამის დარიგება და უხვად გასცა „სივაჟისა მოგებული“ ანუ უფლისწულობისას დაგროვებული ქონება: „მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.“ თინათინის ბრძნულ რჩევებს მისი მამაც კი ითვალისწინებს. გავიხსენოთ, უცხო მოყმის ვინაობის ვერგაგების შემდეგ დამწუხრებულ როსტევანს სწორედ ქალიშვილი ურჩევს: „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.“ თინათინი ასეთივე გონიერებას იჩენს, როცა ავთანდილს უცხო მოყმის საძებნელად გზავნის. ეს ეპიზოდი არაბეთის მეფის ასულის ხასიათის გასაგებად მრავალმხრივაა საყურადღებო. ჯერ ერთი, აქ ვხედავთ კეკლუც ქალს, ვისაც მხნე სპასპეტის მოხიბვლა გადაუწყვეტია. ვფიქრობთ, ამაზე მიგვანიშნებს მისი ჩაცმულობა: „გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი, ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.“ მეორე, ის თავად უმხელს სიყვარულს ავთანდილს, ეფიცება, რომ მის გარდა არავის გაჰყვება ცოლად და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს რთულ დავალებას: მოძებნოს უცხო მოყმე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ვერ იპოვეს როსტევანის მიერ ქვეყნის ყველა მხარეს გაგზავნილმა მსახურებმა. თინათინს კონკრეტული არგუმენტებიც მოჰყავს იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა წავიდეს მაინც და მაინც ავთანდილი ამ მოყმის საძებნელად. პირველი, ის არაბეთის მეფის ყმაა და პატრონის ბრძანება უნდა შეასრულოს, მეორე, მისნაირი ვაჟკაცი რაინდი სახელმწიფოში სხვა არ ჰყავთ და მესამე, ის თინათინის მიჯნურია და საგმირო საქმით ერთგულება და სიყვარული უნდა დაუმტკიცოს სატრფოს. თინათინი ერთგული მიჯნურიცაა და კარგი მეგობარიც. როცა ავთანდილმა გაუმხილა, რომ ტარიელის დასახმარებლად აპირებდა წასვლას, მან განზრახვა მოუწონა და უთხრა: „შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა, ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა.“ თინათინის გონიერების მაჩვენებელია ისიც, რომ მან ღირსეული რაინდი შეიყვარა ავთანდილის სახით, მოყმე, რომელმაც „სამეფო დააშვენა.“ ის, მართლაც, ყოველმხრივ მშვენიერი ქალია, ღირსეული მემკვიდრე როსტევან მეფისა.“
ნესტან-დარეჯანი
ნესტან–დარეჯანი ინდოეთის მეფის ფარსადანის ერთადერთი ასული იყო, მამამ იგი ბავშვობიდანვე მიაბარა დავარ...
ნესტან-დარეჯანი
ნესტან–დარეჯანი ინდოეთის მეფის ფარსადანის ერთადერთი ასული იყო, მამამ იგი ბავშვობიდანვე მიაბარა დავარს– დას, რომელსაც სიბრძნე უნდა ესწავლებინა ძმისწულისთვის. არაჩვეულებრივი სილამაზის მფლობელი იყო ჯერ კიდევ 7 წლის შეიქმნა“ მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ შეფრობილი". ფრიდონი ასე გადმოსცემს ნესტანის მშვენიერებას:“ მას რომე ელვა კრთებოდა ფერნიცა ჰგვანდეს რისანი, მან განანათლა სამყარო გაცუდდეს შუქნი მზისანი!". ნესტანი დაჯილდოვებულია უდიდესი ზეციური ნიჭით, მას შეუძლია სულით–ხორცამდე სავსე იყოს სიყვარულით: სწორედ ეს დიდი მიჯნურობა აძლევს საბაბს გამოამჟღავნოს თავისი გრძნობა ტარიელისადმი, თუმცა ქალური სინაზე და მორიდება ეუფლება თავდაპირველად “თუმცა მართებას დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრამ მეტად უარეა არ თქმა და ჭირთა მალვა".– ამბობს ის და ტარიელს თავის გრძნობას გაუმხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი სიყვარული არაა მერყევი და ფიცს მიჟნურობისთვის მიცემულს:“გეცრუო ღმერთმან მიწა მქმნას. ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა", ბოლომდე იცავს.ქაჯეთის ციხეში გამოკეტილი, იმედგადაწურული რომ აწი ვეღარასოდეს ნახავს მიჯნურს, კატეგორიულად უარყოფს, რომ შეიძლება ვინმესი გახდეს. ნესტანი ხვარაზმშას შვილზე გათხოვების წინააღმდეგი პირველ რიგში თავისი გრძნობის გამოა, მაგრამ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს პატრიოტიზმს. ქვეყნის მომავალი მეფე–ქალი შორსმჭვრეტელობას იჩენს, ვერ ეგუება ინდოეთში სპარსელთა გაბატონებას. ნესტანი საუკეთესო მეგობარიცაა იგი არ ერიდება თვით დაბალი ფენის საზოგადოების წევრთან ასმათთან მეგობრობას. მათი გრძნობა ერთმანეთისადმი დურ სიყვარულამდეა აყვანილი და ქალთა შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია. რუსთაველმა თვის პოემაში დაგვიხატა იდეალური ქალის სახე ნესტანი, რომელშიც თავმოყრიალია ყველა იდეალური თვისება.
ასმათი
„ვეფხისტყაოსანი“ მდიდარია ქალი-პერსონაჟებით. ისინი სხვადასხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან, მაგრამ ე...
ასმათი
„ვეფხისტყაოსანი“ მდიდარია ქალი-პერსონაჟებით. ისინი სხვადასხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ: თითოეული მათგანი განსაკუთრებული ოსტატობითაა დახატული, გამოკვეთილი, ინდივიდუალური თვისებების მატარებელია. ასეთია ასმათიც. ტკბილი, თბილი, საყვარელი, უერთგულესი და ტარიელისა და ნესტანისა; ამ უმშვენიერესი წყვილის სიყვარულის ჩასახვიდან დაწყებული ბედნიერ დასასრულამდე მათ გვერდით მდგომი. ის შუამავალია შეყვარებულებს შორის, მათი მესაიდუმლეა, ამასთან, მუდმივად იცავს მგრძნობიარე ტარიელს, იმედს უნერგავს, ცდილობს, მშვიდობიანად მოაგვაროს მიჯნურებს შორის არსებული გაუგებრობები. აი, რას ეუბნება ტარიელს: „გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!“ ეს კეთილშობილი, წმინდა პიროვნება ტარიელთან ერთად იტანს უამრავ უბედურებას, ტყე-ღრეში ხეტიალისას გაუსაძლის პირობებს, ადამიანთაგან მოშორებით ცხოვრებას. რომ არა ასმათი, ალბათ, ტარიელი ადრევე მოისწრაფებდა სიცოცხლეს, ვერ შეხვდებოდა ავთანდილს და, შესაბამისად, ვერ იპოვიდა დაკარგულ სატრფოს. ასმათისა და ტარიელის დაძმური სიყვარული, მეგობრობა, მართლაც, გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს. ასმათის ხასიათში გვხიბლავს მისი უანგარობა. როცა ტარიელმა მას ძვირფასეულობით სავსე ჯამი შესთავაზა, მან მხოლოდ ერთი მცირე ბეჭედი აიღო სამახსოვროდ ამ სიტყვებით: „ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა.“ ასმათის ტარიელისადმი ერთგულების ბრწყინვალე დემონსტრაციაა ავთანდილთან მისი პირველი შეხვედრის სცენა. რა ხერხს არ მიმართა არაბმა მოყმემ, მოკვლითაც კი დაემუქრა ქალს, მაგრამ მან მეგობრის საიდუმლო არ გასცა: „კვლა ეტყვის: „ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო, ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.“ ასმათი ყველაზე კარგად იცნობს ტარიელის მგრძნობიარე ბუნებას. დამაჯერებელია მისი არგუმენტები, როცა ის ავთანდილს უმტკიცებს, რომ ტარიელს არ შეეძლო მისთვის მიცემული პირობის შესრულება, რადგან მან გული დაკარგა, გავიხსენოთ ასმათის სიტყვები: „გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან, უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.“ სწორედ ამ სიტყვებშია მოცემული ტარიელის სიშმაგე-სიგიჟის, მის მიერ ველად გაჭრისა და მხეცებთან ბინის დადების მიზეზი. უგულო, სიყვარულს მოკლებული კაცი ადამიანი აღარ არის. ასმათი გამოირჩევა სიდინჯით, გონიერებით, წინდახედულებით. ამის დასტურია ის, რომ ინდოეთში გამეფებული ტარიელი მას მეშვიდე სამეფოს უბოძებს. ეს მხოლოდ მეგობრის ფასდაუდებელი ამაგის გადახდა, უანგარო სამსახურის დაფასება არაა, ის ასმათის სიბრძნის, საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დაკავების უფლების აღიარებაცაა.“
ფატმან-ხათუნი
„„ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი გამოკვეთილად კოლორიტული სახე-ხასიათია ვაჭართა უხუცესის, უსენის მეუღლე, ფა...
ფატმან-ხათუნი
„„ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი გამოკვეთილად კოლორიტული სახე-ხასიათია ვაჭართა უხუცესის, უსენის მეუღლე, ფატმან-ხათუნი. მართალია, რუსთაველი მის დასახატავად მზესა და მთვარეს არ იყენებს მეტაფორა-შედარებებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფატმანიც ძალიან მიმზიდველი, სიცოცხლით სავსე, მხიარული ქალია: „ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი; დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.“ როგორც ავტორისეული დახასიათებიდანაც ჩანს, ფატმანი ამქვეყნიურ სიამეთა მოყვარული ქალია, არ იკლებს გართობასა და ლხინს, უყვარს კარგი მასპინძლობა და სტუმრებთან მხიარულება: „პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი.“ ავთანდილსაც: „მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.“ რა თქმა უნდა, ფატმანის სამყარო და აქ მოქმედი წესები აბსოლუტურად განსხვავდება რაინდთა საზოგადოებაში მოქმედი ზნეობრივი ნორმებისაგან. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ცოლქმრული ღალატი, ფიცის გატეხა, განსაცდელის წინაშე ლაჩრული შიში, შანტაჟი და ახლობელი ადამიანის უყოყმანოდ გაწირვა ვაჭართა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ფატმანისთვის სრულიად ბუნებრივია დროებითი, წუთიერი გატაცებები იმ დროს, როცა რაინდთა წრეში მიღებულია „შორით დაგვა, შორით ალვა“, როცა იქ სავალდებულოა, რომ მიჯნურმა „გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში“, ფატმანს არ მოსწონს მეუღლე, რადგან: „მით არ ჯერ-ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.“ ის ეძებს ჭაშნაგირის მსგავს წარჩინებულ და მოხდენილ ჭაბუკებს, თუმცა იმათაც დაუნანებლად გასწირავს სასიკვდილოდ, თუკი მის ინტერესებს საფრთხე შეექმნება. ხოლო როცა ჭაშნაგირზე უფრო მშვენიერი ახალგაზრდა გამოჩნდება, მაშინვე გაუმიჯნურდება და ავთანდილს თავშეუკავებელი ვნებით სავსე ბარათს წერს. შემთხვევით არ ამბობს არაბი ჭაბუკი ფატმანის ე.წ. სიყვარულის შესახებ: „რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია.“ ფატმანის მხატვრული სახე კარგად გვიჩვენებს, რომ რუსთაველი არასოდეს ხატავს ადამიანს მხოლოდ დადებით ან უარყოფით პერსონაჟად, ის ცდილობს მასში დაინახოს კარგიც და ცუდიც. ვაჭართა უფროსის ცოლს აქვს რამდენიმე თვისება, რითაც ის ჩვენს სიმპათიას იმსახურებს. ჯერ ერთი, მას გააჩნია მშვენიერების დანახვა-აღქმისა და დაფასების უნარი. ამის მაჩვენებელია მისი ნესტანისადმი დამოკიდებულება. მას შეუძლია უერთგულოს ნესტანს, იყოს უხვი. ტყუილად როდი მიმართავს მას ინდოეთის მეფის ასული ასე: „დედისა მჯობო დედაო!“ ფატმანმა, მართლაც, დიდი დახმარება გაუწია ავთანდილს, ფაქტობრივად, აპოვნინა ნესტანი. ასე რომ, ფატმან ხათუნი ვაჭართა წრის ტიპური წარმომადგენელია, თავისი საეჭვო მორალით, თუმცა მას აქვს დიდი, თბილი და მოსიყვარულე გული, შეუძლია ერთგულებაც და უანგაროდ მხარში დგომაც. როგორც ვხედავთ, „ვეფხისტყაოსანში“ დიდოსტატურადაა დახატული ქალთა მრავალფეროვანი სახე-ხასიათები. მათ გალერეას ამშვენებენ ერთდროულად ნაზი და მრისხანე ნესტან-დარეჯანი, ბრძენი და გაწონასწორებული მზე-თინათინი, ერთგული მეგობარი ასმათი, ვაჭართა უხუცესის მიმზიდველი მეუღლე ფატმან ხათუნი, ქაჯთა ძლიერი ქალები: მეფე დულარდუხტი და დავარი.“